“მოვითხოვთ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შესწავლა, ევროსასამართლოს ზედამხედველობით წარიმართოს”

0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, მოითხოვს, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შესწავლა ევროსასამართლოს ზედამხედველობით წარიმართოს.
შესაბამისი განცხადება მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც გამსახურდია აცხადებს, არსებობს არაერთი უტყუარი ფაქტი, რომელიც საქმის ეფექტური გამოძიების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება.
„საქმე გამოძიებადია, მიუხედავად იმისა, რომ 24 წელიწადი გავიდა ამ საქმიდან, მაინც არსებობს რესურსი, რომ საქმე იქნას გამოძიებული. ყველაფერი არის აშკარა, თვალსაჩინო, შავით თეთრზე, იგივე ტყვიის ღარი, თვითმკვლელი ბჯენის გარეშე თავს არ იკლავს და ა.შ… არც ერთ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ ჰქონია, რომ საქმე გამოეძიებინათ. სააკაშვილის ხელისუფლებამ კომისიის არსებობა მაინც დაუშვა, თუმცა, სერიოზული პოლიტიკური ნება არც მისი ხელისუფლების დროს იყო. იმიტომ, რომ ეს არის უსიამოვნო ამბავი, დღემდე არ აწყობს პოლიტიკურ სისტემას, რადგან თვითონ არის ჩარეული ამ ყველაფერში, გარდა ამისა, როგორც ჩანს, ცოცხლები არიან ის ადამიანები და დღესაც გარკვეულ ამინდს ქმნიან, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, ვინ იყვნენ ესენი? -ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია, ეს იყო პოლიციის გენერალი გია გულუა და უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი ავთანდილ იოსელიანი, იგორ გიორგაძემაც დაადო მას ხელი კომისიისთვის მოცემულ ჩვენებაში. ჩვენ ვითხოვთ ეფექტურ, სამართლიან გამოძიებას, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს ევროსასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ იმიტომ, რომ საქართველოს პროკურატურა როგორც მოქმედებს 1994 წლიდან დღემდე, არ იწვევს ნდობას“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისი თქმით, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება და ეს ყველაფერი გადაეცემა ევროსტრუქტურებს.

კომენტარები

კომენტარი