ლევან იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე.
„დავგეგმეთ, რომ მომავალ წლებში ერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობით. ამ მიმართულებით გვსურს კონკრეტული წინადადებები შევიმუშავოთ. მომავალი წლის დასაწყისიდან ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიურობის სფერო“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება.
„ეს იყო მართლაც სამაგალითო შეხვედრები, სადაც ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა და აღიარება იმ პროგრესისა, რასაც ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესით,“ – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმსს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი