ნატო ჩხეიძე: დეპუტატებს უნდა მ იეცეთ საშუალება საზოგადოებისთვის მტკივნეული პრობლემები წამოსწიონ

0

„რეგლამენტის 137-ე მუხლში შეტანილი ცვლილება ვერანაირად უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის წევრებს, არჩეულ დეპუტატებს, რომ განახორციელონ მათი ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა – დროულად და აქტიურად გამოეხმაურონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს ან თავად დააყენონ მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭირბოროტო საკითხები,“ – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
როგორც ჩხეიძემ განმარტა, დღევანდელი რეგლამენტით, რომელსაც საპროცედურო კომიტეტი იდეალურად მიიჩნევს, თვეში მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი განცხადებით გამოსვლა და, დროის მიხედვით, ეს შესაძლებლობა, მაქსიმუმ, მხოლოდ 15 დეპუტატს აქვს.
„პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ანუ კეთილი ნებით, ეს დრო არსებული რეგლამენტით შესაძლებელია გაიზარდოს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კეთილ ნებას სხდომის თავმჯოდმარე იჩენს ხოლმე და შესაბამისად, უკვე 30 დეპუტატს, ვაზუსტებ: თვეში 30 დეპუტატს აქვს შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე განცხადებით გამოსვლისა, მაგრამ, პარლამენტში, მოგეხსენებათ, 150 დეპუტატია და, უკეთეს შემთხვევაში, 4 თვეში ერთხელ მოგიწევს რიგი.
ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზისა, რომელიც საპროცედურო კომიტეტის შეფასებით, მომყავს ამონარიდი კომიტეტის დასკვნიდან:

„საპროცედურო კომიტეტს გაცილებით უფრო მოქნილ საშუალებად მიაჩნია პლენარული სხდომის მიმდინარეობის წარმართვისათვის საპარლამენტო საქმიანობის გათვალისინებით” ,
ესე იგი, არსებული ნორმა უფრო მოქნილიაო, – ბრძანებს თავისი ხელმოწერით საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ:

საპროცედურო კომიტეტის უმრავლესი დეპუტატების შეფასებით ( სულ 5 იყო), პლენარულ სხდომაზე დეპუტატის მიერ განცხადებით გამოსვლა მხოლოდ ოთხშაბათ დღეს უფრო მოქნილი ფორმა და საშუალება ყოფილა სადეპუტატო საქმიანობისთვის, ვიდრე სხდომის მომდევნო დღეების გამოყენებაც ამავე მიზნისათვის. და თუ რატომაა 1 უფრო მოქნილი ფორმა, ვიდრე 3, ამ რებუსის ამოხსნა იმ დეპუტატებისთვის მიმიმინდვია, ვინც კომიტეტის სხდომაზე, მათი შეფასებით, უფრო მოქნილ ფორმას, ანუ 1- ს ( მხოლოდ ოთხშაბათს) დაუჭირა მხარი.
ჩვენი შეფასებით კი ეს რეგლამენტის ხარვეზია, რაც უნდა „უფრო მოქნილი” უწოდო. სწორედ ამ „უფრო მოქნილი“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ და მე წარმოვადგინეთ პროექტი, სადაც ყოველ პლენარულ სხდომაზე 1 საათი დათმობილი იქნება განცხადებებისთვის 30-წუთიანი კეთილი ნების ჩანაწერის შენარჩუნებით, რისი გამოყენებაც, ფაქტობრივად, აღარც იქნება საჭირო, თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ყოველდღიური განცხადებების ნორმას.
აგრეთვე, ყოველდღიური განცხადებების დროს სულ ადვილი შესაძლებელია, რომ 1 საათი არც კი შეივსოს, რადგან დროის ათვისება თვითმიზანი არ არის,
ეს ნორმა უფრო განცხადებების დროში ოპერატიულობას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, განცხადების ხანგრძლივობა იქნება 4-წუთიანი რეჟიმი, როგორც ახლაა. ის შენიშვნები კი, რაც საპროცედურო კომიტეტის დასკვნაშია ჩამოთვლილი, ჩხეიძის აზროთ, ხელოვნური მიზეზებია „არას“- სათქმელად, რომლებიც არც იარსებებდნენ ან სულ ადვილად დარეგულირდება, როცა „ჰო“-ს თქმას დააპირებენ.
„სრულიად შესაძლებელია, შევიტანო კოლეგების მოსაზრებები პროექტში და “ყოველი პლენარული სხდომის” ნაცვლად ჩაიწეროს მაგალითად, ასე: „პლენარული სხდომის პირველი და მეორე დღე“, ან „პლენარული სხდომის პირველი და მესამე დღე“.
აგრეთვე, გავითვალისწინებ კოლეგების ყველა იმ წინადადებას, რომელიც უზრუნველყოფს დეპუტატებისთვის განცხადებების დროის პერიოდულობის გაზრდას, მსგავსი ნებელობა დეპუტატს მისცემს საშუალებას აქტიური და დროული ჩართვისათვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებში.
თუ დემოკრატია ჩვენთვის, მართლაც. პრინციპი და საქმეა და არა – ლიტონი სიტყვა,
მაშინ კიდეც უნდა მიეცეთ დეპუტატებს საშუალება, რომ საზოგადოებისთვის მტკივნეული პრობლემები ოპერატიულად წამოსწიონ.
ოპერატიულობა კი სწორედ ის არის, რომ თვეში ორჯერ, ოთხშაბათ დღეს არ ველოდოთ განცხადებისათვის“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და ყურადღება საპროცედურო კომიტეტის დასკვნის კიდევ ერთ აქცენტზე გაამახვილა:
„მხედველობაში მაქვს წარმოდგენილი კანონპროექტის ნაკლი, რომ ის იძლევა ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას. რომ შესაძლებელი იქნება. განცხადებები საგანგებო, რიგგარეშე სხდომის დროსაც, რაც საპროცდურო კომიტეტის აზრით, დაუშვებელია.
მინდა კოლეგებს შევახსენო ზაფხულის, კერძოდ 26 ივლისის, საქართველოში გამძვინვარებული ხანძრის გამო დანიშნული რიგგარეშე სხდომა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომის გახსნის შემდეგ, სიაში ჩაწერილ 7 დეპუტატს განცხადებებისთვის მისცა შესაბამისი დრო, რასაც სულაც არ გამოუწვევია პროტესტი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ან იმ წევრებისაგან, რომლებმაც მიუღებლად და ნაკლად მიიჩნიეს წარმოდგენილ კანონპოექტში ნაგულისხმევი იგივე ნორმა.
როგორც აშკარად ჩანს, ნებისმიერი არგუმენტით საჭირო იყო იმ დროს ამ კანონპოექტის დაწუნება, დრო არ შეცვლილა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ამ გამოსვლის შემდეგ შეიცვლება დეპუტატების დამოკიდებულება კანონპროექტზე თანდართული საპროცედურო კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიმართ და თქვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება კანონპროექტში წარმოდგენილი რეგლამენტის ცვლილებება მაშინაც კი, როცა კენჭისყრის დროს თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონპროექტი შემოტანილია ოპოზიციის მიერ. ვიმედოვნებ, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ,-აღნიშნა ჩხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი