ვატიკანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, წმინდა საყდართან პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება 13-14 ნოემბერს გაიმართა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს მდივანმა, ეპისკოპოსმა ბრაიან ფარელმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გახსნეს.
ორდღიან კონფერენციაზე, რომელსაც რომის კურიის და წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და საქართველოთი დაინტერესებული მკვლევარები ესწრებოდნენ, მოხსენებებით წარდგნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
კონფერენციის დაწყებამდე, ლოცვა აღევლინა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში (წინამძღვარი: არქიმანდრიტი იოანე (ხელაია), ხოლო 14 ნოემბერს კონფერენციის მონაწილეები წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ გენერალურ აუდიენციაზე რომის პაპ ფრანცისკეს მიესალმნენ.