მერაბ სვინტრაძე: რეგიონებში არსებული ბავშვთა სპორტსკოლებისთვის ხმის მიცემის უფლების მოხსნა ცალსახად ცუდი გადაწყვეტილებაა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რეგიონებში არსებული ბავშვთა სპორტსკოლებისთვის ხმის მიცემის უფლების მოხსნას, ქუთაისის სპორტსკოლის ხელმძღვანელი მერაბ სვინტრაძე ცალსახად უარყოფითად აფასებს. როგორც მერაბ სვინტრაძემ „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, კალათბურთის ფედერაციას დაუკავშირდა და სცადა გაერკვია თუ რის საფუძველზე იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა ფედერაციისგან უსუსური არგუმენტი მოისმინა.
„რეგიონებში არსებული ბავშვთა სპორტსკოლებისთვის ხმის მიცემის უფლების მოხსნა, ცალსახად, ცუდი გადაწყვეტილებაა. მე ვითარებაში გარკვევას შევეცადე, ვესაუბრე ფედერაციის ერთ-ერთ მესვეურს, თუმცა ყოვლად უსუსური განმარტება მოვისმინე. ისიც მითხრეს, რომ ჩემი სკოლა უშუალოდ საკალათბურთო არაა, თუმცა ესეც სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია, იმიტომ რომ, ყველა ასაკში გუნდი მყავს, არაფერში ჩამოვრჩენილვართ, საწევროც სულ შეგვქონდა და ამ დრომდე გვქონდა ხმის მიცემის უფლება. გაუგებარია, რატომ მოგვეხსნა ახლა ეს უფლება?!. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. რეგიონებში კალათბურთს სათანადო ყურადღება არ ექცევა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა და არაერთი პრობლემაა – შესაბამისად, კალათბურთის ფედერაციაში ივარაუდეს, რომ მოახლოებულ არჩევნებში მათ ფავორიტ კანდიდატს მხარს არ დავუჭერდით და რეგიონებში არსებულ ბავშვთა სპორტსკოლებს ხმის მიცემის უფლება მოუხსნეს“, -აღნიშნა მერაბ სვინტრაძემ.
2013 წელს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ბავშვთა სპორტსკოლებმა მონაწილეობა მიიღეს, თუმცა წელს, ფედერაციის გადაწყვეტილებით, მათ ეს უფლება მოეხსნათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა სათაურით „ როგორ აყალბებს კალათბურთის ფედერაცია არჩევნებს“ – პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ხეცურიანი წერს, ბავშვთა სპორტსკოლები არსებული ფედერაციის პოლიტიკას მხარს არ უჭერენ. მისი თქმით, ფედერაციამ პრობლემა მარტივად გადაჭრა და რეგიონებში არსებულ ბავშვთა სპორტსკოლებს ხმის მიცემის უფლება მოუხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები