“დიდ დასვენებაზე” ჩამოყრილი “ნაკურთხი კანფეტები” და სკოლების გაკვირვებული დირექტორები – რა მოხდა კახეთში

კახეთის სკოლის დირექტორები დღევანდელი უცნაური ფაქტით გაკვირვებას ვერ მალავენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.
გაურკვეველი სახელწოდების აქცია კახეთის სკოლებში სასწავლო პროცესის დროს, დიდ დასვენებაზე განხორციელდა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან შეიტყვეს და ისინი ვერტმფრენიდან „მორთმეულ“ ტკბილეულს დიდ დასვენებაზე ელოდნენ.
„ძალიან კი გამიკვირდა და თან ეს პირველი შემთხვევა იყო, ვერც უარი ვუთხარი. წინასწარ, მამა იოანემ დამირეკა, ვერტმფრენით გადმოვიფრენთ და ბავშვები გარეთ დაგვახვედრეთ, გავახარებთო. დიდ დასვენებაზე ბავშვები ეზოში იყვნენ და კანფეტები ჩამოუყარეს. ეს ყველაფერი ისე მალე მოხდა, რომ ვერტმფრენის ფერიც კი ვერ შევნიშნე. ოღონდ რატომ ან რისთვის გაკეთდა ეს, ან რა ღონისძიება იყო, არ ვიცი“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ენისელის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე.
ასეთივე რეაქცია ჰქონდა შილდის მეორე სკოლის დირექტორ დარეჯან კანანაძეს უცხო პირის მიერ განხორციელუბულ მოულოდნელ სატელეფონო ზარზე, მაგრამ უარი ვერც მან უთხრა. სამაგიეროდ, საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ გადმოყარეს ვერტმფრენიდან 2 შეკვრა „საწუწნი“ კანფეტი მოსწავლეებისთვის სკოლის ეზოში.
„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და არც ვიცი ვინ დამირეკა, უცხო ნომერი იყო. მხოლოდ ის მითხრა, რომ ბავშვები სკოლის ეზოში დამახვედრეთ, კანფეტები უნდა გადმოვყაროო. ასეთი რამ სხვა დროს არასდროს ყოფილა. 2 შეკვრა „ცელოფნის“ პარკებით გადმოყარეს. ბავშვები მისცივდნენ. მეც მივედი და ჩვეულებრივი „საწუწნი“ კანფეტები იყო“- აცხადებს დარეჯან კანანაძე „კვირასთან“ საუბრისას.
ყვარლის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსის, ქეთევან ჭიპაშვილის განცხადებით, სკოლებში ვერტმფრენიდან კანფეტების ჩაყრის და კურთხევის შესახებ, მან აქციის შემდეგ შეიტყო.
მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ, „ზოგჯერ კი, ბავშვებსაც გაახარებენ ხოლმე“:
„დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ“.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც პრესსამსახურის თანამშრომელმა მარი კევლიშვილმა განაცხადა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.
„ინფორმაციას ვამოწმებთ, თუ რა სახის ღონისძიება ჩატარდა“, – აღნიშნა მარი კევლიშვლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები