მარიამ ჯაში მიხეილ ჩხენკელს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა საკუთარი კონცეპტუალური ხედვები გააცნეს ერთმანეთს.

„როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ჩემთვის მთავარი იყო კონცეპტუალურად ჩვენი ხედვების გაზიარება და ასევე, მინისტრის დამოკიდებულების გაცნობა განათლების სისტემის თითოეული საფეხურისა და მეცნიერების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც რჩება სკოლამდელი ასაკის სისტემაში. ასევე ისაუბრეს, ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, სახელმძღვანელოების რევიზიის პროცესზე და პროფესიული განათლების კუთხით შესამუშავებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლისთვისაც მარიამ ჯაშის თქმით, სამინისტრო ემზადება.

შეხვედრაზე მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „ჩვენ თვეში სულ მცირე ერთ სამუშაო შეხვედრას გავმართავთ, რომელიც ჩვენს პოზიციებს დააახლოებს და რეალურად შევძლებთ, რომ შემჭიდროვებულ ვადებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ბავშვების, სტუდენტების, პედაგოგებისა და მეცნიერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„კონცეპტუალურად ჩვენ ხედვების თანხვედრა გვაქვს. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის კომიტეტს შორის. ერთობლივი ძალებით მოხდება იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც დღეს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში არის”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები