გიგა ბუკია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ნარკოპოლიტაკას ეხება, ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრი გიგა ბუკია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ნარკოპოლიტაკას ეხება, ეწინააღმდეგება.
მისი მოსაზრებით, ამ კანონპროექტით ქვეყანაში ნარკომომხარებელთა რაოდენობა გაიზრდება და ნარკორეალიზატორების ხელშეწყობა მოხდება. გიგა ბუკია ამბობს, რომ კანონპროექტი საფრთხის შემცველია და უმრავლესობის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.
​როგორც გიგა ბუკიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული რეფორმა, რომელიც შეფუთულია ჰუმანურობის მანტიით, პირიქით არის დიდი საფრთხის შემცველი. კანონპროექტთან მიმართებაში ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, სამკურნალო მიზნების ხელშეწყობასთან ერთად, რეალურად შეთავაზებულია ​მძიმე ნარკოტიკებზე დეკრიმინალიზაცია. საქართველოში მარიხუანა, ფაქტობრივად, დეკრიმინალიზებულია, რის შედეგადაც, საქართველოში მარიხუანას მოხმარება გასამმაგებულია, თუ მეტი არა. ახლა ჯერი მიდგა მძიმე ნარკოტიკზე. შეთავაზებული კანონპროექტით ნარკოტიკების დოზების რაოდენობა, რომელიც აქამდე მცირე რაოდენობად ითვლებოდა, იზრდება. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტში წერია, რომ კოდეინი რომელიც დღესდღეობით ითვლება მცირე რაოდენობად 2 გრამი, გახდეს 24 გრამი, ე.ი ფაქტობრივად 20 -ჯერ გაიზარდოს ​კოდეინის შემცველობა, რომლის ტარების უფლება ნარკომომხმარებელს ექნება. კოდეინი, რომელიც დღესდღეობით მოქმედ კანონში 20 გრამი ითვლება დიდ რაოდენობად, გაიზარდოს 240 გრამამდე. ეს არის ერთ-ერთი ჩანაწერი.
ეფიდრინი, რომელიც 1 გრამი ითვლება დღეს დიდ რაოდენობად, შეთავაზებული ვარიანტით 12 გრამი უნდა გახდეს, ხოლო დიდი რაოდენობა, რომელიც 2 გრამად ითვლება, ეფიდრინის 120 გრამი არის შეთავაზებული. მორფინი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი და გავრცელებული ნარკოტიკია დღეს, დიდ რაოდენობად ითვლება 1 გრამი, შეთავაზებული ვარიანტით დიდ რაოდენობად ითვლება მხოლოდ 6 გრამი. კოკაინი, რომელიც 0.6 გრამი ითვლება დიდ რაოდენობად, შეთავაზებულია 50 გრამი.
დღესდღეობით, თუ ადამიანი ნარკოტიკებს ავრცელებს, მისი სასჯელი განსაზღვრულია 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ახალი კანონპროექტით შეთავაზებულია, რომ გავრცელების შემთხვევაში, პირველი სასჯელი იყოს ჯარიმა ან იძულებითი შრომა. ასევე, გასაღებაზე სასჯელი მცირდება 3 წლამდე ციხით.
„იმ დროს, როდესაც ნარკოტიკების შეძენის რაოდენობას ვზრდით და ამავე დროს ვამცირებთ სასჯელს გავრცელებაზე და გასაღებაზე, ვისი ინტერესია? რა შუაშია აქ მომხმარებელი? რა შუაში აქ ნარკოდამოკიდებული ადამიანი და ავადმყოფი?- ეს ინტერესი, ჩემი აზრით, პირდაპირ მხარს უჭერს და ეს არის პირველ რიგში თვითონ ნარკორეალიზატორების ინტერესში. ვინაიდან მათ ბევრად უფრო თავისუფალი შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში დღეს თუ უკანონოდ ბრუნავს ერთი ტონა ნარკოტიკი, საქართველოში დაუსჯელად, ფაქტობრივად, სამჯერ და ოთხჯერ გაიზრდება ნარკოტიკის ბრუნვა. ამ რეფორმას დავარქმევდი _ ჯერ გავზარდოთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და შემდეგ ვუმკურნალოთ. იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ ნარკომომხმარებლებს ვუმკურნალოთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ და ყველა პროექტი შესაძლებელია განხორციელდეს. მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ კიდე გაიზარდოს ნარკოტიკის მოხმარება და ნარკომანთა რაოდენობა საქართველოში“, – ამბობს გიგა ბუკია.
მისივე თქმით, სახელმწიფო დღესაც ზრუნავს ამ კუთხით ადამიანებზე. მოქმედებს მეტადონის პროგრამა, სადაც ნებისმიერ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს.
„იმ დროს, როდესაც საქართველოში ეკონომიკური, სოციალური და გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სამეზობლო ქვეყნების გარკვეული ნაწილი არა თუ მომხმარებელი არამედ შემქნელი და რელიზატორია მსოფლიოში, ამ დროს საქართველოში ასეთი ოაზისი შეუქმნა ნარკომომხამრებლებს, ნარკოტურიზმს, ნარკორეალიზატორებს, ჩემის აზრით, მიუღებელია, ვინაიდან ეს პირველ რიგში საფრთხეს უქმნის საქართველოს ახალგაზრდებს. სამწუხაროდ ოპოზიციის დიდ ნაწილს და გარკვეულ ნაწილს სულაც არ ადარდებს რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანაში და თუ ხელისუფლება, რაღაც შეცდომას დაუშვებს ეს მათთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება ამ კუთხით უყურებენ და ამიტომაც ჰპირდებიან მხარდაჭერას კანონპროექტის ინიციატორებს. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება უმრავლესობის მხრიდან. ჯერჯერობით ის არ გაუტანიათ საპარლამენტო განხილვაზე“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
ბუკიას თქმით, წელს საქართველოში 7 მილიონი ტურისტი იყო, თუ ეს კანონი ძალაში შევიდა, ნარკომომხმარებლების რაოდენობის ხარჯზე ტურიზმი ბევრად გაიზრდება, მაგრამ ის ტურისტი, რომელიც საქართველოში კულტურული და სხვა ღირშესანიშნაობების სანახავად ჩამოდის, ჩამოსვლას თავს აარიდებს ვინაიდან არავის არ უნდა თავის ოჯახთან ერთად ნარკომანებით გადავსებულ ქვეყანაში იმოგზაუროს. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, ახალი კანონპროექტი მომზადდა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, მცირე ოდენობით, მხოლოდ საკუთარი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის სასჯელის სახით პატიმრობა გაუქმდება. რაც იმას გულისხმობს, რომ ნარკომომხმარებელი, რომელსაც მხოლოდ მისთვის განკუთვნილი დოზა აღმოაჩნდება, ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდის. იგივე დარჩება სასჯელი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველები ნარკომომხმარებელს დაიჭერენ, მას საპატიმრო დაწესებულების ნაცვლად, შესაბამის კომისიას გადასცემენ. კომისია, რომელიც სოციალური მუშაკით, ექიმით, ფსიქოლოგითა და იურისტით იქნება დაკომპლექტებული, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით გადაწყვეტს, როგორ და სად უნდა იმკურნალოს. ახალი კანონპროექტის შედგენაში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები