“ამიწია მაიკა და ვიგრძენი, მუცელზე როგორ მაკოცა” – მორიგი ისტორია მოძალადე მასწავლებელზე

მასშტაბური ჰეშთეგ კამპანიის #მეც ფარგლებში, რომლის ქვეშაც ერთიანდება ქალებზე ძალადობისა და/ან ძალადობის მცდელობის არაერთი ისტორია, ქართველმა ქალებმაც დაიწყეს საკუთარი ისტორიების გასაჯაროება. ერთ-ერთი მათგანი “პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა და თავისი ისტორია მოუყვა. წყარო, რომელიც კონფიდენციალურობის უფლებას იყენებს, მასწავლებლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს:
„დაახლოებით 7-8 კლასის მოსწავლე ვიყავი და მშობლებმა ოჯახის ნაცნობ რეპეტიტორთან მიმიყვანეს ინგლისურზე. მეც მიხაროდა ძალიან, რადგან ჩემი უახლოესი მეგობარიც ჩემთან ერთად ივლიდა და თან შორის სიარულიც არ გვიწევდა.
ჩემი რეპეტიტორი იყო მამაკაცი, არ ჰყავდა მეუღლე, არც შვილები, მარტო ცხოვრობდა, მისულებს, როდესაც დავსხდებოდით მაგიდასთან, დავალებას მოგვცემდა, თვითონ წამოდგებოდა (სკამებს საზურგე არ ჰქონდა) ამიტომ მარტივად ზურგთან მომადგებოდა რაც შეიძლება ახლოს და იწყებდა ლოყებზე ჩქმეტას, სახეზე ფერებას და პარალელურად რეპლიკებს დავალებებზე. ეს სახეზე ხელების „თათუნი“ იყო უწყევტი და სანამ ჩემი მეგობრის რიგი არ მოვიდოდა, იქამდე მიწევდა მეთმინა, შემდეგ შეისვენებდა ათი წუთით და იწყებოდა ყველაფერი თავიდან. თავდაპირველად ცოტა გვერიდებოდა იმის მინიშნება, რომ ეს ფაქტი არცერთს არ გვსიამოვნებდა, შემდეგ ცოტა გავთამამდით და ვცდილობდით სახის გაწევით ან მსგავსი ქმედებებით მიგვენიშნებინა, რომ თავი დაენებებინა. თუმცა, მაინც იგივეს აგრძელებდა, შემდეგ უბრალოდ შევეგუეთ, გვეგონა, რადგან შვილები არ ჰყავდა, მოსწავლეებისადმი ამიტომ იყო ასეთი „თბილი“.
ერთ დღესაც, როდესაც ჩემმა მეგობარმა გაკვეთილი გააცდინა, მარტოს მომიწია მასთან მისვლა. ცოტა ნასვამი დამხვდა, თუმცა, გაკვეთილი ჩვეულებრივად ჩამიტარა. ბოლოს კი, წამოსვლის დრო რომ დადგა, დამიწყო საუბარი, როგორი კარგი, ჭკვიანი, საყვარელი გოგო ვიყავი, ახლა კი მუცელზე უნდა გაკოცოო, თვითონ იჯდა, დამიყენა გვერდზე, ამიწია მაიკა და ვიგრძენი მუცელზე როგორ მაკოცა. ამ დროს მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, ამიტომ სანამ თავს ასწევდა, სწრაფად ჩამოვიწიე მაიკა, მეჩქარება-მეთქი და წამოვედი.
ეს ამბავი სახლში რომ მოვყევი დედასთან, მივხვდი, მასაც არ ესიამოვნა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მე გავაგრძელე ისევ მასთან სიარული, მიწევდა ზურგზე მისი მობჯენილი სხეულისა და ხელების ატანა ჩემს სახეზე, თუმცა, რადგან დედაჩემმა არაფერი თქვა, ვიფიქრე, ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა მასწავლებლის მხრიდან, რომელსაც უბრალოდ ბავშვები უყვარდა.
დედაჩემმა ალბათ ვერც კი დაუშვა, რომ ოჯახის ახლობელი რაიმე ცუდს გააკეთებდა და, ალბათ, სექსუალური შევიწროება და ძალადობა მხოლოდ ვიწრო და პირდაპირი გაგებით ესმოდა წლების წინ. მეც ძალიან დიდი ხანი მჯეროდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ მქონდა უფლება, მეთქვა 40 წლის მამაკაცისთვის, რომ არ მსიამოვნებდა მისი მუდმივი ხელების ფათური სახეზე, რა განზრახვითაც არ უნდა გაეკეთებინა ის. ამ ისტორიით იმის თქმა მინდა, რომ ყველა მშობელმა გაიაზროს, როგორი რეაგირებაა საჭირო ასეთ ფაქტებზე.
ახლა 25 წლის ვარ, ვიხსენებ ამ ისტორიას და ზოგჯერ ვფიქრობ, სწრაფად რომ არ გამოვქცეულიყავი, როდესაც მუცელზე მკოცნიდა, ან დამდევნებოდა, ან საერთოდ გაქცევის უფლება არ მოეცა, ხომ შეიძლებოდა, რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც ცხოვრების ბოლომდე დამიმახინჯებდა ფსიქიკას. მინდა, ყველა მშობელმა გაითვალისწინოს, რომ მიაქციოს ასეთ ფაქტებს ყურადრება, როდესაც შვილი მოგიყვებათ მსგავს ამბავს, კარგად მოუსმინეთ არ დატოვოთ რეაგირების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები