“სამართლიანი არჩევნები“ : საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

„სამართლიანი არჩევნები“ 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 19:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

„ოზურგეთის ოლქში, ტენდენციის სახით, ფიქსირდება საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და პარტიული კოორდინატორების სიმრავლე, რაც შესაძლოა, ამომრჩევლის მხრიდან აღქმული იქნას, როგორც ნების გამოხატვის კონტროლის მცდელობა. ეს ტენდენცია გამოკვეთილად შესამჩნევია ოზურგეთის N3, N4, N7, N8, N55 საარჩევნო უბნების მიმდებარედ. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია ოზურგეთის საარჩევნო ოლქში და 17 საათისთვის 47%-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 13 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 12 საჩივარი, რომელთაგან ერთი კომისიამ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა“, -აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“.

მათივე ცნობით, 17:00 საათისთვის, ექვსი ოლქის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 27% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია, არჩევნების პირველ ტურთან შედარებით (36.5%). ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით: ოზურგეთი – 47%; ბორჯომი – 45%; ყაზბეგი – 44%; მარტვილი – 31%; ხაშური – 27% ; ქუთაისი – 14%.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე, დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 90.8%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 9.2%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში. ამ მხრივ, აღსანიშნავია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც უბნების 35.5%-ზე ხმის მიცემის სისწრაფემ წუთში 1-დან 2 ამომრჩევლამდე შეადგინა. ამ დროისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: N65 მარტვილის საარჩევნო ოლქის N12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მისცა ხმა. N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის N42 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა გამორჩა სიაში. N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის N19 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორს ორი ამომრჩევლის ხელმოწერა გამორჩა სიაში. „სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები