ბოლნისის ეპარქიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს
ბოლნისის ეპარქიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დღეს მობრძანდა. მრევლი სიწმინდეებს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო განწყობით, კმევითა და გალობით შეხვდა.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა პარაკლისი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. აღნიშნულ სიწმინდეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი12 ნოებრიდან – 19 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიაII-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება.
პარაკლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
“დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, ვინაიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მობრძანდა უდიდესი სიწმინდეები- აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ბოლნისის მრევლი დიდი მოწიწებითა და სიხარულით შეეგება წმინდა ხატებს. სასიხარულოა, რომ აღნიშნული სიწმინდეები მთელ საქართველოს მოივლის და ყველას მიეცემა მათი მოლოცვის შესაძლებლობა. ვიცით, რომ წელს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, ასევე სრულიად საქართველო აღნიშნავს და ზეიმობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. მინდა ჩვენს პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები. საქართველოს დედა ეკლესია, ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლო“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.