დავით ნარმანიამ თბილისის მერიის სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთან ბოლო სხდომა გამართა. სხდომას დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა, სადაც მან სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
თბილისის მერმა იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში გამნხორციელდა.
„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ, მინდა, ძალიან მოკლედ, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემი მერობის პერიოდში, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 7 მლნ მ2-ზე მეტ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ კაპიტალური რეაბილიტირება მოხდა755 ქუჩის.
დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.
საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე.
თბილისის მერის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა. ასევე მასშტაბური საკანალიზაციო ქსელების მოწყობა კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე.
დავით ნარმანიას განცხადებით, ათწლეულების შემდეგ პირველად გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ხიდების სრული საინჟინრო გამოკვლევა და მასშტაბური აღდგენა-გამაგრების სამუშაოები აქამდე არასდროს განხორციელებულა.
თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 472 ობიექტზე.
13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.
„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი, გარდა ამისა, წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები