გიორგი ჭიღვარია: წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც მოსახლეობის თანადგომა გვჭირდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მმართველ გუნდსა და ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ოქტომბერში, ჩვენს მიერ ჩატარებულ არჩევნებში თანადგომისა და გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება, „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისი განავითაროს“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან, თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„დღეს გვაქვს საშუალება, რომ არჩევნები თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩავატაროთ. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმ ბრძოლისთვის, რაც გადავიტანეთ. წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც თქვენი თანადგომა გვჭირდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ“, – მიმართა ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩელებს.

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები