ევროპარლამენტი, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის

ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის.

როგორც ევროპარლამენტის ახალ ანგარიშშია აღნიშნული, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უნდა მოხდეს და ახალი გზები გამოიძებნოს, რათა მხარდაჭერა გაუწიონ ქვეყნებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე.

აღნიშნული ანგარიში უკვე მიიღო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა და მას კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელიც სტრასბურგში ნოემბერში გაიმართება.

აღნიშნულ ანგარიშში ძირითადი აქცენტი საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე კეთდება, ქვეყნებზე, რომლებმაც დიდ პროგრესს მიაღწიეს ევროკავშირთან თანამშრომლობაში.

რეკომენდაციების სიაში მოცემულია საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის მიზნობრივი ფონდის შექმნა. მიზნობრივი ფონდი წარმოადგენს განვითარების ინსტრუმენტს, რათა ევროკავშირმა სწრაფად და მოქნილად გასცეს პასუხი კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებს. ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა ინვესტირება მოხდეს სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება.

ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ლიტველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისთვის საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირში სამომავლო წევრობის შესაძლებლობით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები