მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მეხუთე მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილეს, რომელიც სხდომის მონაწილეებს თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა და უფროსებმა გააცნეს.

დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და საკადასტრო ერთეულების გაცვლის ფორმით პრივატიზების  და დაინტერესებულ პირებთან გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების, ასევე თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.

დღესვე საკრებულოს  წევრებმა  თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და  თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური, მრავალფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე სავაჭრო ცენტრის, სპორტული მოედნების, დახურული აუზისა და საწყობების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები განიხილეს, რომლებიც საკრებულოს წევრებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ წარუდგინა. სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კოლეგებს, აპარატის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს სამწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მეხუთე მოწვევის საკრებულოს საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 “მე ამაყი ვარ რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი კონსტრუქციული, დედაქალაქსა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტელება მივიღე“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და მეექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

საკრებულოს 3 წლიანი მუშაობა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემაც შეაფასა.

გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო კიდევ უფრო წარმატებული იქნება და დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

სხდომაზე დეპუტატებს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემაც მიმართა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სხდომის დასრულების შემდეგ მეხუთე მოწვევის დეპუტატებმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები