გიგი უგულავა: მე მტკივა, რაც ციხეებში უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა

“მე მერი ვიყავი, საერთოდ არ მეხებოდა ის, რაც ციხეებში ხდებოდა, მაგრამ მე ეს მტკივა. ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გვერდზე გადაგდება არასწორია“, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, მეგის ქარდავასთან დაკავშირებით.

ამასთან, გიგი უგულავას არ მოიწონა სააკაშვილის განცხადება, რომ ის საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას არ იცნობდა.

”სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა განცხადება. ტექნიკურად შეიძლება მართლა არ იცნობდა მეგის ქარდავას, მაგრამ ეს განცხადება ხომ თავის თავში შეიცავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორებას?! მე ვთვლი, რომ არასწორია. ცნობით არც მე ვიცნობდი იმ ადამიანს. ბევრი გაზვიადებაც შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით. მე მერი ვიყავი, საერთოდ არ მეხებოდა, მაგრამ მე ეს მტკივა. ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გვერდზე გადაგდება არასწორია. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მეტი უფლება მაქვს, ეს გავაკეთო. განსხვავება ზუსტად ეს არის და ამიტომაც გამოვეყავით. მე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მტკივა და მინდა, მე თვითონ გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს ”ქართული ოცნება”, რადგან ”ქართულმა ოცნებამ” სასამართლო გამოიყენა მარტო შურისძიებისთვის, არ გამოუყენებია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის”, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები