რომან რურუა აფხაზეთში იმყოფებოდა: შესაძლოა, პერსპექტიული აფხაზი ბავშვები თბილისში ჩამოვიდნენ

ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა მოჭიდავეების მიწვევით აფხაზეთში იმყოფებოდა.
რომან რურუა მოჭიდავეების გარდა სხვა პროფესიის ადამიანებსაც შეხვდა.
როგორც რომან რურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრებისას გამოითქვა სურვილი, რომ აფხაზმა ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა ჭიდაობის მიმართულებით საქართველოში გაიარონ გარკვეული მომზადება.
„დაახლოებით ერთი წლის წინ დამიკავშირდა აფხაზეთიდან მოჭიდავეთა გარკვეული წრე, სურვილი ჰქონდათ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, ჩამოვიდნენ, ვისაუბრეთ, ნახეს შეჯიბრი და ორი დღის შედეგ წავიდნენ, შემდეგ მე შემომთავაზეს ჩასვლა და ოქტომბერში ჩავედი. ვიყავი, სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში გალი გავიარეთ, რა თქმა უნდა. შევხვდი მოჭიდავეებს, მათთან ერთად ასევე სხვა პროფესიის ადამიანებს, ასევე იმ ხალხსაც ვინც ომში ღებულობდა მონაწილეობას. იყვნენ „მთავრობის“ წარმომადგენლებიც. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმ შეცდომებზე რომელიც ორივე მხარემ დაუშვა, მათ შორის იმაზე თუ რატომ დაიწყო ომი, მე ჩემი აზრი დავაფიქსირე მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. რაც შეეხება ჭიდაობას, მხოლოდ ერთ რაიონში არ არის ჭიდაობის დარბაზები, სხვაგან ყველგანაა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ იქ ამ მიმართულებით ბავშვები სამომავლოდ ვერ განვითარდებიან. ამ ბავშვებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში უშვებენ, მაგრამ იქ არ არის ის პირობები რაც ამათ უნდა ჰქონდეთ, ამიტომ მათთვის სასურველია რომ საქართველოში იყვნენ ეს ბავშვები. მე ბევრს არაფერს შევპირდი, მაგრამ ვთქვით, რომ ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. აქ ჯერ არავისთან არ მილაპარაკია ამ თემაზე, მაქვს ჩემი მოსაზრება”, – განაცხადა რომან რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები