პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს (ფოტო)

სევეროდონეცკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი პოროშენკოს ბლოკიდან სერგეი სამარსკი წუხელ ღამით მოკლული იპოვეს. უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, სიკვდილის მიზეზი ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანება აღმოჩნდა. როგორც შსს-ს ხელმძღვანელის მოადგილე ივან ვარჩენკო აცხადებს, დეპუტატს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. მან ჟურნალისტებთან დეპუტატის მკვლელობის სამი ძირითადი ვერსია დაასახელა. „არ არის გამორიცხული, რომ ეს მის პოლიტიკურ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. ასევე მკვლელობა შეიძლება ძარცვის მცდელობას მოჰყვა. მესამე ვერსიის სახით განვიხილავთ მის ბიზნეს საქმიანობას. ამ დროისთვის შეგვიძლია მხოლოდ სამუშაო ვერსიებად განვიხილოთ სამივე მათგანი.“
სერგეი სამარსკის ცხედარი სევეროდონეცკში, ღამის 1 საათზე იპოვეს. მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატის მეუღლემ სამართალდამცველებს მიმართა, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. ცნობილია, რომ ბოლოს 55 წლის დეპუტატმა მეუღლეს 18 საათზე დაურეკა მაშინ, როცა საქალაქო საბჭოს შენობიდან გამოვიდა. ირკვევა, რომ ის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ჩართვასაც აპირებდა, თუმცა ჟურნალისტებმაც ეთერის წინ მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს.
მოკლულის თანაგუნდელი ირინა ვერიგინა თვლის, რომ სამარსკის მკვლელობა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ სამარსკის მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მას არა ერთხელ დამუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები