“ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ საქართველოს საზღვარი რუსეთთან კავკასიონის ქედზე გადის”
”საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ საზღვარი აქ არ გახლავთ. საქართველოს რუსეთთან საზღვარი კავკასიონის ქედზე გააჩნია“ – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორთან ე.წ. საბაჟოს გახსნას.
მისივე განმარტებით, ეს პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით არალეგიტიმურია.
”საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ საზღვარი აქ არ გახლავთ. საქართველოს რუსეთთან საზღვარი კავკასიონის ქედზე გააჩნია. ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით შეუძლებელი და არალეგიტიმურია. რაც შეეხება შეზღუდვებს, დღესაც, არსებული ვითარების ფონზე, ძალიან ბევრი შეზღუდვაა, რომლის გათვალისწინებითაც მოსახლეობას გადაადგილება ძალიან რთულ პირობებში უხდება. ასევე მცირე ვაჭრობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველებისათვის, ახალგორელებისათვის, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც დღეს მავთულხლართებით იზოლირებულ ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ. რა განცხადებებიც პოლიტიკური სიმბოლიკის მიღმა კეთდებოდა, რომ ვაჭრობის მოცულობა ახალგორის მონაკვეთზე საკმაოდ დიდია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცვლა-გამოცვლა, გადაადგილება, გარკვეული ტვირთებითა და პროდუქტებით მომარაგება იმ ერთადერთი არხიდან, რომელიც დღეს მთელი საოკუპაციო ზონის პერიმეტრზე ფუნქციონირებს – ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლება საქართველოდან შესული ტვირთების აღრიცხვას ახალგორთან აპირებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. მურატ ცხოვრებოვმა, საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით იდგმება. ე.წ. საბაჟოს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ პუნქტის გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საქართველოდან შემომავალი ტვირთების ინტენსიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის არ იბეგრება.