ფინანსთა მინისტრი: 2019 და 2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება

“2019 წელს – 20 ლარით და 2020 წელს კიდევ 20 ლარით გაიზრდება პენსიები” , – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო პენსიებთან დაკავშირებით, მათ შორის, პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს – 20 ლარით და 2020 წელს – 20 ლარით გაიზრდება პენსიები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, პენსიის მატების შესახებ გადაწყვეტილებით მთავრობამ არჩევნებამდე ”პოპულისტურად არ ისარგებლა”.
”მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მართალია, ვიცოდით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არ გავაკეთეთ ეს განცხადებები. არ მივეცით ფუჭი დაპირებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაძლევთ დაპირებებს, რომელსაც ვასრულებთ, ჩვენ 2016 წელს ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, ოთხპუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და შესაბამისად, ჩვენ უნდა მივცეთ ის დაპირებები, რომელსაც შევასრულებთ. ჩვენ 2019 და 2020 წელს გავზრდით პენსიას. ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელშიც ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები