მიხეილ ჯანელიძემ შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე ისაუბრა.

“საქართველო უძველესი ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსახლეობის 83%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ქვეყანამ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ბევრი განვლო, შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი კულტურა და ტრადიციები და მომავალზე ორიენტირებული დარჩენილიყო. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ლიდერები, როგორც რეგიონში ასევე მსოფლიო მასშტაბით” – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და  კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტს ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, ეკონომიკურ დიპლომატიაზეც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის  წარმატებულ  მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018″-ის რეიტინგში ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით საქართველო 190 ქვეყანას შორის მეცხრე პოზიციას იკავებს. მისი განცხადებით, რეიტინგების თანახმად, საქართველო ასევე დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად მსოფლიოში.

მინისტრმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობაზე საუბრისას  ასოცირების შეთანხმებასა და მის იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სტაბილურად იზრდება.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯგუფი, პროფესორთან ერთად, საქართველოს 28 ოქტომბრიდან – 2 ნოემბერის ჩათვლით სტუმრობს. სტუდენტებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები