საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, ვენის საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ხელოვანის ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი და  საზეიმო მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა მიმართა.

„2017 წელს, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. 25 წელი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დააახლოვა. დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საქართველო და ავსტრია მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მათ შორის სოფლის და სატყეო მეურნეობის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საპოლიციო, იუსტიციის და სხვა სფეროებში. მოხარულნი ვართ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს”, – განაცხადა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოფვმიც გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. კარლჰაინც კოფვმა აღნიშნა, რომ  ავსტრიული ბიზნესი სულ უფრო მეტად ინტერესდება საქართველოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო სექტორებით. მან ასევე ისაუბრა გასულ წელს საქართველოში, როგორც ავსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საელჩოს გახსნაზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების გარანტიაა.

ღონისძიებას ავსტრიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.  კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

საღამო  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები