ექსპერტი: საუბარი იმაზე, რამდენად გამყარდება ლარი, რთულია, მაგრამ მგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება

ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის გაუფასურების ტენდენციებზე ისაუბრა და ის სამი ძირითადი პუნქტი დაასახელა, რაც მისი აზრით, ლარის რყევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ თავად ეკონომიკური ფაქტორები, რაც შეიძლება ლარზე, როგორც გარკვეული გამაღიზიანებელი ფაქტორი მოქმედებდეს, პრაქტიკულად გამორიცხულია.
ეკონომიკური პრობლემების გარდა, არსებობს რაღაც, რამაც ხელი შეუწყო ამ ბოლო პერიოდში არსებული კურსის რყევას.
მე გამოვყოფ სამ ძირითად საკითხს და მგონია, რომ არაერთი კონკრეტული რამის გამო, არამედ ამ სამივე კომპონენტმა და პრობლემამ ერთობლივად მოახდინა გარკვეული გავლენა ლარზე“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
მისი თქმით, პირველი ფაქტორი იმ სტერეოტიპულ ხედვას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც არჩევნების მერე ლარი უნდა გაუფასურდეს.
„რატომღაც ასეა ჩამოყალიბებული, რომ არჩევნების მერე ლარი უნდა გაუფასურდეს, ეს საქართველოში უკვე „ტრადიციად“ ჩამოყალიბდა, ბუნებრივია, ეს სტერეოტიპული ხედვა გარკვეული ქცევის მოლოდინების კორექტირებას იწვევს, როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებაში და ეს დაკორექტირებული მოლოდინები ნაწილობრივ დოლარზე მოთხოვნის გაზრდის კუთხით მოქმედებს.
მეორე საკითხი სეზონურობის ფაქტორს უკავშირდება, ერთია ის, რომ ჩვენ ტურისტული სეზონი მნიშნელოვნად მიგვინელდა და მცირედით გვაქვს ტრენდი ტურისტული ნაკადებიდან სავალუტო შემოსავლების შემცირებისა, მაგრამ მეორეა ის, რომ ჩვენ ვართ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა. დამთავრდა ოქტომბერი, დაიწყო ნოემბერი და შესაბამისად, ის იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც წინასაახალწლო პერიოდში აქტივობას გეგმავდნენ, იჭერენ წინასწარ თადარიგს იმისთვის, რომ სასაქონლო მარაგები შეივსო წინასაახალწლო ვაჭრობის დროს. წინასაახალწლო ვაჭრობის მასშტაბი და როლი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივ, არასაახალწლო თვეებში ხდება ხოლმე. ასე, რომ დოლარის მასაზე ხდება გაცილებით მეტი მოთხოვნა იმპორტიორი კომპანიებისთვის.
მესამე საკითხი უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ზოგადად არ აქვს ეკონომიკა, ნებისმიერი ცვლილებაც კი, სამწუხაროდ ნეგატიურად აისახება ლარისა და დოლარის მოთხოვნა-მოწოდებაზე და შესაბამისად, მცირედი გაზრდილი მოთხოვნა დოლარზე იწვევს გარკვეულ სირთულეებს ლარისთვის, ამ თვალსაზრისით გასათვალიწინებელია, ის, რომ ერთ-ერთი დამატებითი რისკფაქტორი შესაძლოა იყოს, ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რაც უცხოელი პარტნიორებისადმი ფინანსური ოპერაციების და ფინანსური ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება. მხედველობაში მაქვს ის ჩვეულებრივი ოპერაციები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, მაგრამ აი ამ დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებით, სავალუტო ოპერაციები, ფინანსური ვალდებულებების შესრულებულებისთვის საჭირო დამატებითი დოლარის ფასისა და ევროს შესყიდვა, საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ლარმა გარკვეული რყევა განიცადა“,- განაცხადა კალანდაძემ.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ დღეს არსებული ნეგატიური ტრენდი მოკლევადიანი და დროებითია.
„ წლის ბოლოსთვის, როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესში ლარის მასაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. საზოგადოებას ლარის მასა წინასაახალწლო ვაჭრობისთვის, ბიზნესს კი სახელმწიფოსთან საკუთარი ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ამ პერიოდში, პირიქით უფრო დასტაბილურებას ველდოებით, საუბარი იმაზე რამდენად გამყარდება ლარი, ძალიან რთულია, მაგრამ მე მგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება“,- აღნიშნა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები