ელექტროენერგიის მიღების ინდექსით „Doing Business “-ის ანგარიშში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა

მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „Doing Business 2018“-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 39-ე ადგილიდან 30 ადგილზე გადაინაცვლა. ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველოს პოზიციების დაწინაურებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ 2016-2017 წლებში გატარებულ რეფორმებს.

კერძოდ, სემეკის რეგულაციებით, გამარტივდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურები, რაც “Doing Business”-ის გუნდის მიერ აღიარებულ იქნა 3 კონტაქტის პროცედურად. ამ კუთხით საქართველო გაუტოლდა მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, შვედეთი, გერმანია. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურების გამარტივება განხილულია სს „თელასის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

„Doing Business 2018“-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემცირებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. კერძოდ, ანგარიშში საუბარია 0.380 კვ ძაბვის საფეხურის, 120-150 კვტ/სთ-ის სიმძლავრის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფაზე, რომლის საფასურიც შემცირებულია 15 254 ლარამდე (დღგ-ის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ მიღებული წესების თანახმად, დადგენილია ქსელზე მიერთების ვადები შესაბამისი სიმძლავრეების მიხედვით. კომპანიის მიერ ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ ქსელზე მიერთების საფასური ნახევრდება. ვადების განმეორებითი დარღვევისას საფასური ნულდება, ხოლო მომდევნო ჯერზე დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მომხმარებელზე გასცეს კომპენსაცია.

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესს და წესების დაცვას კომპანიის მხრიდან სემეკი ახალი პროგრამის – კომერციული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით რეალურ დროში აკვირდება. პროგრამას “Doing Business”-ის გუნდმა მაღალი შეფასება მიეცა. ახალი პროგრამის საშუალებით კომისია რეალურ დროში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებში შესული განაცხადების რეგისტრაციისა და კომპანიის მიერ მათზე რეაგირების პროცესებს. კომისიის მიერ განსაზღვრული სტანდარტები დარღვევისას ავტომატურად ხდება მომხმარებლებისთვის კომპენსაციების დარიცხვა, ხოლო მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში – საფასურის განახევრება. პროგრამას სემეკი 2016 წლიდან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები