მძღოლების საჯარიმო ქვითრები ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, რომლითაც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დამტკიცდა, ნათქვამია, რომ მძღოლების საჯარიმო ქვითრის, ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდება.

მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საჯარიმო ქვითარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პირს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უგზავნის.

თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.

საჯარიმო ქვითარი პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ბრუნდება, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში.

საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანების თანახმად, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, საჯარიმო ქვითრის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, თუ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ეს ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მიაწოდოს კომერციულ ბანკებსა და საგადასახადო მომსახურების სხვა პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე. შს მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ის ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები