მიხეილ ჯანელიძე: ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, ასევე იმით, რომ ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ესტონეთმა მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტი წარმატებით წარიმართოს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია.

„ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის ძალიან დიდი წარმომადგენლობითი დელეგაციით, რაც ასახავს იმ მასშტაბს ჩვენი ურთიერთობებისა, რომელიც გვაქვს ესტონეთთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. ჩვენი ურთიერთობები ასევე ძალიან აქტიურია მრავალმხრივ ფორმატებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის იზრდება ვაჭრობა, ტურიზმი და ინვესტიციები. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ გამოჰყო საქართველოში ესტონური ინვესტიციების არსებობა ისეთ სექტორებში, როგორიც არის უძრავი ქონება, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესი, ჰიდროელექტროსადგურები და სხვ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობას თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მთავრობის მხრიდან ქართველი ახალგაზრდებისათვის გამოყოფილ სტიპენდიებს და კინოინდუსტრიაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები