ირაკლი კობახიძე დორის ბარნეტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრს დორის ბარნეტს შეხვდა, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში,  სტუდენტების შესარჩევად იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში გერმანიის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ბუნდესტაგის წევრმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახით გერმანიას რეგიონში ძალიან კარგი და სტაბილური პარტნიორი ჰყავს.

შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროგრამები და განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები  იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განათლების სფერო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი და პრიორიტეტული მიმართულებაა.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება, რაც მათი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ორივე რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკას გააგრძელებს.

საუბარი აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობასაც შეეხო. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს. შედეგად, გაუმჯობესდა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები, რაც რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები