მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი XII” გაიმართება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან დვალმა ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალზე „თბილისური აისი XII” პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებულ, ახალგაზრდების მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ.
მისივე თქმით, ეს ინტენსიური კულტურული პროგრამაა, რაც გულისხმობს ქართული კულტურის უცხოელი ახალგაზრდებისთვის გაცნობას.
“ფესტივალი გრიშა ჩიგოგიძის დაარსებულია, წელს არის მე-12 ფესტივალი და 15 ქვეყნის 50-მდე სტუმარი გვეყოლება. ეს არის ახალგაზრდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებულ, ახალგაზრდების მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ. სპეციალური ჟიური აფასებს და ძალიან ინტენსიური კულტურული პროგრამაა, რაც გულისხმობს ქართული კულტურის უცხოელი ბავშვებისთვის გაცნობას. ჩვენთვის მთავარია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებს საერთო სასაუბრო ენის გამონახვაში შევუწყოთ ხელი”,-აღნიშნა ლევან დვალმა
ფესტივალი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 2017 წელს მენეჯმენტის მიდგომები შეიცვალა და სასახლე ნაწილობრივ პროგრამულ დაგეგმვაზე გადავიდა. ხოლო მენეჯმენტის მიზანია მთლიანი რესურსები კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდეს. პროექტებისა და პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, წელს, ნოემბერი ძალიან დატვირთულია, მოეწყობა საერთაშორისო კონფერენცია არაფორმალურ განათლებაზე, სასახლის პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეკრება-იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებმა, ანუ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებმა, სასახლეება და კულტურის ცენტრებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტებზე არიან დაქვემდებარებულები 2018 წლის ერთობლივი მუშაობა დაგეგმონ. თვის ბოლოს კი კულტურის დიპლომატიის აკადემია დაარსდება.
როგორც კინოფესტივალის ერთ-ერთმა მენეჯერმა და სასახლის ყოფილმა სტუდენტმა, ეთერ ფარჩუკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კინოფესტივალზე ასამდე ფილმი იყო შესული, თუმცა სელექციის შედეგად 85 ფილმი მიიღებს მონაწილეობას.
“ბოლოს ეს ფესტივალი 2007 წელს ჩატარდა, ხოლო წელს იქნება მე-12. ეს ე.წ რებრენდინგია და საქართველოს ჩათვლით 15 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. აქედან, სამი ფესტივალზე არასდროს ყოფილა, გვყავს საპატიო სტუმარიც დიდი ბრიტანეთიდან, საერთაშორისო კინოფედერაციის პრეზიდენტი. კინოფესტივალზე ასამდე ფილმია შემოსული და სელექციის შედეგად 85 ფილმი მიიღებს მონაწილეობას. პირველად შემოგვიერთდა სომხეთი და გერმანია. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ფესტივალზე უფრო წარმატებული, ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროგრამა გვექნება. ფილმების თემატიკა თავისუფალია, ვცდილობთ ბავშვებისთვის შეუფერებელ და ტაბუდადებულ თემებს არ შევეხოთ. ფილმის ავტორები ბავშვები 10-დან 19-20 წლამდე იყვნენ, შესაბამისად ვცდილობთ ყველასათვის შესაბამისი და საინტერესო იყოს”, – განაცხადა ეთერ ფანჩულიძემ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალაქ კარლსრუედან ჩამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც კარლსრუეს „ნორჩ კინომოყვარულთა სტუდია” აქვთ ჩამოყალიბებული და ფესტივალზე ორი ფილმი წარადგინეს.
ქალაქ კარლსრუედან ჩამოსული ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ფესტივალში მონაწილეობს ნათია როთია. ის წლების განმავლობაში პიონერფილმის წევრი იყო და სასახლეში მნიშვნელოვანი წლები აქვს გატარებული. მან დიდი მადლობა გადაუხადა გრიშა ჩიგოგიძეს და და ყველას, ვინც ეს ფესტივალი მოაწყო. მან 6 მოზარდი და სამი პედაგოგი ჩამოიყვანა, რომლებმაც ორი ახალი ფილმი სპეციალურად ამ ფესტივალისთვის გადაიღეს. როგორც მან აღნიშნა, კარლსრუეში დაბრუნების შემდეგ ისევ ამ სფეროში გააგრძელებენ მოღვაწეობას და ქართველ ბავშვებს დაპატიჟებენ, მეგობრობის გაგრძელების და თანამშრომლობისთვის.