ეროვნულ მუზეუმსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, ხვალ, 13: 00 საათზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი ორ ინსტიტუციას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც წიგნადი ფონდების ერთიან საძიებო სისტემაში აღნუსხვას გულისხმობს; პერიოდული გამოცემების და რარიტეტული წიგნების კონსერვაციის, მოვლისა და დიგიტალიზაციის პროცესის ერთობლივად განხორციელებას; ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით და სპეციალისტების კომპეტენციით სარგებლობას და ასევე, რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების მხარდაჭერას.
მემორანდუმი ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს საშუალებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკით მისცემს შეუზღუდავად ისარგებლოს. ეროვნული ბიბლიოთეკა მუზეუმის კოლექციაში არსებული იშვიათი პერიოდული გამოცემების დიგიტალიზაციას მოახდენს, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს გამოცემებს ელექტრონულ ფორმატში.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა. მის ფონდში დაცულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი უნიკალური გამოცემები. მათ შორისაა, ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, რელიგიური, იურიდიული, ფილოლოგიური, ეკონომიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, კამერალური და მხატვრული ლიტერატურა. დაარსებიდან დღემდე ბიბლიოთეკა ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით მდიდრდება და მნიშვნელოვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევით რესურსს წარმოადგენს.
1 ნოემბერს ცნობილი გერმანელი მეცნიერები, მარბურგის უნვერსიტეტის პროფესორები ჰეიდემარი და გუნტრამ კოხები, რომლებსაც ოცდაათწლიანი მეგობრობა აკავშირებთ ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიურ კვლევის ცენტრთან, მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად შუა საუკუნეების ხელოვნებისა და ბიზანტიის ისტორიასთან დაკავშირებულ უაღრესად მნიშვნელოვან გამოცემებს გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ ჰეიდემარი და გუნტრამ კოხებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ევროპის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო წრეებში ქართული კულტურის წარდგენაში.
სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდებიდან, წარმოდგენილი იქნება რარიტეტული წიგნები და ხელნაწერები: 1801 წლის მანიფესტი, 1709 წელს თბილისში დაბეჭდილი ვახტანგ VI-ის სახარება, 1579 წელს ფრანგულ ენაზე ძველი ნაბეჭდი ანტიკური მედალიონების გრავიურების ისტორია; გაზეთები: „დროება“ (1866 წ.) და „ივერიის“ პირველი ნომერი (1877 წ.); ასევე, 1905 წელს მიხეილ თამარაშვილის მიერ შედგენილი ფოტოალბომი, სადაც გადმოცემულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში მოღვაწე ქრისტეფორე კარტელის მიერ დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების შესახებ შექმნილი ილუსრაციების ფოტოები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მინიატურული წიგნები: 1809 წელს დაბეჭდილი ღვთისმშობლის დაუჯდომელი, 1817 წლის სახარება, 1681 წლის ლათინურ ენაზე გამოცემული საგმირო პოემა და სხვა.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკა (საბუნებისმეტყველო კორპუსის მე-6 სართული).