მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული

„კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის უდიდესი ნაწილი აწერს ხელს. პროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული“ – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ მდინარაძის განმარტებით, ახალმიღებულ კონსტიტუციაში სწორედ ის ცვლილებები შედის, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და შეთანხმებულია ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან.
”ვენეციის კომისიამ აღნიშნული რეკომენდაციები მას შემდეგ გამოაგზავნა, რაც ჩვენ კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებული გვქონდა. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ჩვენთვის მანამდე ცნობილი არ იყო ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომელსაც კონსტიტუციაში ახლა ასახავს.
აღნიშნული რეკომენდაცია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ მოვიდა. პროცედურულადაც კი შეუძლებელი იყო მისი გათვალისწინება პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას”, – განაცხადა მდინარაძემ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.
ცნობისათვის, მმართველი გუნდი ახალ მიღებულ კონსტიტუციაში ოთხი ნორმის ჩასწორებას გეგმავს. ცვლილებები ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას. ასევე შეიცვლება აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი და ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები