საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს, მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრა.
კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენები არიან.
პრეზიდენტის სასახლის ეზოშო შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
დღესვე, ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად – გაფართოებულ ფორმატში.
სასახლეშივე შედგება, ასევე, ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც.
ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდება და ქართულ – ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.
კერსტი კალიულაიდი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.
ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.