მიხეილ ჯანელიძე – სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში

„ევროპულ სულისკვეთებასთან ერთად, საქართველო გამორჩეულია ასევე ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ GCSD-ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის, რაც ნათლად გამოიხატა ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ეს იყო პირველი თვალსაჩინო მაგალითი როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების კომპლექსური ჩართულობის, ასევე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნული ბევრი მიმართულებით საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის მინისტრმა გამოჰყო სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეფორმების გატარება, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობა, უსაფრთხოება, თავდაცვა და სხვა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვები დიდ წილად ერთმანეთს ემთხვევა, რაც მისი თქმით ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები