“ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ე.წ. ბონუსს სისტემას აუქმებს და ბლოკების დაშვებას უზრუნველყოფს, პატარა პარტიების განვითარებას ხელს შეუწყობს”

„სასიამოვნო არ არის, როცა საკონსტიტუციო პროცესში ოპოზიცია არ არის ჩართული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გია ვოლსკი განმარტავს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ე.წ. ბონუსს სისტემას აუქმებს და ბლოკების დაშვებას უზრუნველყოფს, პატარა პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ცნობისათვის, მმართველი გუნდი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ამ დღეებში მოახდენს, სადაც ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება, რომელიც ეხება ე.წ. ბონუსს სისტემას, ბლოკების დაშვებას, რელიგიის ჩანაწერს და საკონსტიტუციო სასამართლოს.
“ამ შემთხვევაში, ოპოზიციას ვერ ვხედავ, როგორც პარტიულ გუნდს. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელიც ცდილობს, ვითარება რაც შეიძლება დაძაბოს. კონსტიტუცია ჩამოყალიბებული დოკუმენტია, რომელიც სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების ბალანსს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პასუხისმგებლიანი იქნება ოპოზიციისა და თუნდაც პრეზიდენტის დამოკიდებულება. ეს ხუთი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტია და დიდი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ოთხი საკითხი წინ წამოვწიოთ, რაც პატარა პარტიების გაძლიერებას ხელს შეუწყობს. თუ შერეულ სისტემას 2020 წლისთვის ვტოვებთ, ეს იმ იმედით ხდება, რომ ახალი თაობის პარტიები ქვეყნის მართვაში 2024 წელს კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ. 2020 წლისთვის ამის რეალური რესურსი არ გაგვაჩნია და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის წინაშე დავაყენებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები