10-შვილიან დევნილ ოჯახს „Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ, მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს. პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქველმოქმედო ფონდმა „გორმედმა“ პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი „Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა. ბავშვების მამის თქმით, მანქანა მათთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იქნება და ოჯახს მცირე მეწარმეობის დაწყებასა და შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება. დევნილმა ოჯახმა მანქანასთან ერთად, კომპანია „Gulf“-სგან 1000 ლიტრი საწვავის ვაუჩერიც მიიღო საჩუქრად. „Elit Electronics“-ის გადაწყვეტილებით კი პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ. მომავალში, კომპანია „Gulf“ დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ. სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, მათ შორის, პირველების ოჯახს საკუთრებაში სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები გადაეცა. დაკანონების პროცესის პარალელურად, ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც მოხდა. სამინისტრო მადლობას უხდის კერძო სექტორს დევნილი ოჯახისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის და პირველების ოჯახს მე-10 შვილის შეძენას კიდევ ერთხელ ულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები