ბრალდების მოწმე ადასტურებს, რომ „იბერია ტვ“-ს ლიცენზია, „ომეგა ჯგუფის“ ამუშავების სანაცვლოდ, ადეიშვილის ინიციატივით დაათმობინეს

გენერალური პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი ბაკურ ჩიქოვანი ადასტურებს, რომ 2004 წელს, „ოჯთ“-ს, „ომეგა თეგს“, „ომეგა 2“-სა და „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სხვა კომპანიებს მუშაობის გაგრძელების საშუალება ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევისა და დახურვის სანაცვლოდ მიეცა.
როგორც ბრალდების მოწმე ბაკურ ჩიქოვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელის, ლევან აღდგომელაშვილის პროკურატურაში დაბარება დაავალა.
„ლაცაბიძემ აღდგომელაშვილს უთხრა, რომ თუ ტელეკომპანია „იბერია“ ლიცენზიას არ დათმობდა, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიები მუშაობას ვერ განაახლებდნენ,“ – განაცხადა სასამართლოზე მოწმე ჩიქოვანმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, სასამართლოს იდენტური ჩვენება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილმაც მისცა. ქიტოშვილის თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა „იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის კონკრეტული გეგმა შეიმუშავა და „იბერიას“ მისთვის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაფორმება დაავალა. ქიტოშვილის თქმითვე, „იბერიას“ ლიცენზიის გადაფორმება რამდენჯერმე მოხდა, საბოლოოდ კი, 2007 წელს, ლიცენზიის მფლობელი სოსო მგელაძე გახდა, თუმცა ტელეკომპანია წლების განმავლობაში არ მაუწყებლობდა.
შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და, რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროლურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვს წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ორი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები