დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

0

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაპრალი ზაზა დამენია საქართველოს შეიარაღებული ძალების 11-ე მექანიზირებული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ მე-3 ასეულში მსახურობდა, როდესაც 2004 წ. 5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ქართულ მხარეს და ოს სეპარატისტებს შორის მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
„კომანდოს“ ბატალიონი ქართული სოფლების დასაცავად გადაიყვანეს.
16 აგვისტოს, გამთენიისას, ერთ-ერთი შემოტევის დროს, სანგარში, რომელშიც ის თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგემ ხელყუმბარა ჩააგდო. დამენია ხელყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი სიკვდილს გადაარჩინა. მოწინაღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 11 მებრძოლი დაკარგა.
2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიას ცხედარი მშობლიურ ოზურგეთში ჩამოასვენეს.
როგორც ზაზა დამენიას თანამებრძოლები შემდგომ საუბრებში იხსენებენ – “დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებოო!”
2004 წლის 18 სექტემბერს ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო სოფელ ოზურგეთის სკოლას ზაზა დამენიას სახელი ეწოდა.
საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია ქ. ოზურგეთში 1972 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა. ოზურგეთში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში განაგრძო. ასევე დაამთავრა საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლის სპეციალობით.
ზაზა დამენია საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში 1992 წლიდან მსახურობდა. 1993 წლის 8 იანვრიდან 3 სექტემბრის ჩათვლით იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1995 წელს, ზაზა დამენიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, სამხედრო სამსახური 11-ე მექანიზირებული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ მე -3 ასეულში გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი