ელენე ხოშტარია: მადლობა ნდობისთვის. ასევე, გამოვხატავ პატივისცემას ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც განსხვავებული არჩევანი გააკეთა
“მადლობა იმ ნდობისთვის, რაც მოვიპოვეთ. ასევე, გამოვხატავ პატივისცემას ყველა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქის მიმართ, რომელმაც განსხვავებული არჩევანი გააკეთა”, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იგი გაჩერებას არ აპირებს და ყოველთვის დადგება გაჭირვებული ადამიანების გვერდით.
”უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუმცა ”ევროპულ საქართველოს”, ახლადშექმნილ პარტიას, სერიოზული მხარდაჭერა აქვს მოსახლეობისა. მადლობა ნდობისთვის, რაც მოვიპოვეთ. ასევე, გამოვხატავ პატივისცემას ყველა განსხვავებული აზრის მიმართ, ყველა მოქალაქის მიმართ, რომელმაც განსხვავებული არჩევანი გააკეთა. ჩვენ ვთვლით, რომ ”ქართული ოცნების” არსებობა ქალაქის მმართველობაში არის სერიოზული პრობლემა ქალაქისთვის და კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციურმა პარტიებმა და პირველ რიგში, ”ევროპულმა საქართველომ” უნდა დავარწმუნოთ ბევრად უფრო მეტი ადამიანი იმაში, რომ შევცვალოთ ”ქართული ოცნება”. დღევანდელი შედეგით, ალტერნატივის შესაძლებლობა ”ევროპულ საქართველოს” გააჩნია. ვაპირებთ, ხვალიდან შევძლოთ ადამიანების ნდობის მოპოვება. არასდროს არ ყოფილა მთავარი ხმების მონადირება. არ ვაპირებ გავჩერდე, ვაპირებ, რომ ვიდგე იმ გაჭირვებული ადამიანების გვერდით, რომლებმაც მომცეს ხმა და არ მომცეს ხმა. ზუსტად ვიცი, რომ ”ქართული ოცნება” მათ ზურგს შეაქცევს. მე ყოველ დღე ვიმუშავებ, რომ ვიყო მათ გვერდით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.