კახა კალაძე: მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცოდით, გავიმარჯვებდით

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა.

„მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, როდესაც ის დათვლის ხმებს და შესაბამისად,  შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება. თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცოდით, გავიმარჯვებდით – ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში გვქონდა შეხვედრები ადამიანებთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსული იყო არჩევნებზე და მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი. ჩვენ, ყველამ ერთიანი ძალისხმევით, უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ თანაგუნდელებს, ოპონენტებსა და იმ ადამიანებს, ვინც მის წინასაარჩევნო პროცესში ჩართული იყო, მადლობა გადაუხადა.
ეგზიტპოლების შედეგებით, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54%. “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს – 15%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს 14% აქვს.
ეგზიტპოლი,”რუსთავი 2″-ის დაკვეთით, მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაციამ – “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა. აღნიშნული შედეგები 18:00 საათის მონაცემებს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები