გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება
“მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა ამომრჩეველს აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით. პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.