გია კორკოტაშვილი: ასპინძაში ჩამოვედით იმისათვის, რომ დავიცვათ ლევან ცაბაძის ხმები
ასპინძაში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის მხარდასაჭერად, “ქართული მარშის” ათობით წარმომადგენელი ჩავიდა. ისინი აცხადებენ, რომ ასპინძაში ცაბაძის მხარდასაჭერად და ხმების დასაცავად ჩავიდნენ.
როგორც “ქართული მარშის” წარმომადგენლები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს არჩევნები გაუყალბონ და ამიტომ ჩავიდნენ ასპინძაში.
“ლევან ცაბაძემ დაამტკიცა რა შეუძლია, ამოგდებული მალით ეკიდა და ისე დებდა ლელოს. დაამტკიცა, როგორც გამგებელმაც, რა შეეძლო, მან დაამტკიცა როგორ შეუძლია ხალხის ყურადღება, საქმის ორგანიზება. მე არ ვიცი, რა მოხდა და არც მინდა შიგნით ვეძებო, არ მინდა იმისი ქექვა “ოცნების” წევრებმა რა გააკეთეს, ეს თვითონ არკვიონ ერთმანეთში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ბიჭი არის დამსახურებული ადამიანი, რომელიც კიდევ უნდა მოვიდეს და უნდა იყოს მერი. მას საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება და ჩვენ გვერდში დასადგომად ჩამოვედით”, – განაცხადა “ქართული მარშის” წევრმა, გია კორკოტაშვილმა.
“ქართული მარშის” წევრები აცხადებენ, რომ მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, “იმიტომ, რომ ეს არის სპექტაკლი, ცირკი”, ასპინძაში კი მონიტორინგისთვის არიან.
“ჩვენ არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ჩამოვედით ასპინძაში იმისათვის, რომ მონიტორინგი გავწიოთ და დავიცვათ ლევანის ხმები” , – ამბობს კორკოტაშვილი.
“ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრის, სანდრო ბრეგაძის თქმით,, ასპინძაში არამარტო ცაბაძის მხარდასაჭერად, არამედ ხმების დასაცავადაც ჩავიდნენ. ამ დროისთვის, ყველა მათგანი სოფელ დამალის უბანთან არის.