პარტიების ძალთა რადიკალურმა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო (ვიდეო)
სააგენტო “პირველის” ეთერში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. პოლიტიკოსის განცხადებით, პარტიებს შორის ძალთა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო.
„სპორტულ შეჯიბრებაში მეტოქეები შესაძლებლობით თუ თანასწორნი არიან, მაშინ ბრძოლას აქვს აზრი და არჩევნების შემთხვევაშიც, დღეს ასეა. მეტოქეებს შორის იმდენად დიდია სხვაობა, რომ ამან აზარტი მოაკლო პროცესს. არჩევნებს აზარტი სჭირდება. დღევანდელი ოპოზიცია შთაბეჭდილებას ვერ ახდენს ამომრჩეველზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პარტიული კრიზისი გვაქვს. პარტიების დაფინანსებაში სხვაობა ლოგიკურია. როდესაც პარტიები წამოიწევიან და მოსახლეობის ნდობა თანაბრად გადანაწილდება ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებზე, შემდეგ თუ მოხდა ასეთი მაღალი სხვაობა დაფინანსებაში, მერე, ალბათ, უფრო სერიოზული რეაქციის საფუძველი გვექნება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძის განცხადებით, პარტიების წინასაარჩევნოდ გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ მათი რეიტინგი დაეცა.
დისკუსიები “თავისუფალი პლატფორმის” ინიციატივით და ორგანიზებით იმართება. „თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს “პირველში” გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.