„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე (ვიდეო)
არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში დაფიქსირებულ დარღვევებზე „თავისუფალი პლატფორმის“ წევრი ორგანიზაცია „ვაკვირდების“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც „პირველის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მირზოევმა განაცხადა, დარღვევები, რამდენიმე სახით დაფიქსირდა.
„თბილისში, საბურთალოს ოლქის N13 უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც თან ახლდნენ გადასატან ყუთს, ერთი გამოუყენებელი ბიულეტენი დაკარგეს. საბურთალოს N43 უბანზე იყო დარღვეული გადასატანი ყუთის ბეჭდის მთლიანობა, ასევე, სამგორის და საბურთალოს ოლქებში არასწორად იყო აღქმული ცესკოს ინსტრუქციები, 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტიურობის დამატებითი აღნიშვნის შესახებ (საბურთალო N37 და სამგორი N7), რაზეც მოხდა ცესკოს ინფორმირება და შემდეგ კომისიებთან ვითარების გარკვევისას, ჩვენ მივიღეთ არაერთი შეტყობინება, მათ შორის ჩვენი დამკვირვებლებისგან, იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება, რაც არაერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და მედიასაშუალებებმა შეაფასეს, როგორც კანონდარღვევა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებები არ მოიცავს რაიმე ტიპის დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები არის საჯარო ინფორმაცია, მთავარია, ამ შემთხვევაში არ მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა მუშაობის ხელისშეშლა და ამომრჩევლების თავისუფალ და გააზრებულ არჩევანზე გავლენა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მირზოევმა.
„თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს „პირველში“ გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.