ეკა ბესელია: მარნეულში, ერთ-ერთ უბანზე, პირი ჟურნალისტის ყალბი მოწმობით იმყოფებოდა
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მარნეულში, ერთ-ერთ უბანზე პირი ჟურნალისტის ყალბი მოწმობით იმყოფებოდა. მისივე თქმით, საქმე მარნეულის სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს ეხება.
„საარჩევნო უბანზე, ნადიმ გოჯაევის სახელით, პიროვნება იყო შესული, რომელიც newsplace ჟურნალისტად იყო წარმოდგენილი. მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ეს პირი ინტიზარ იბრაგიმოვი იყო. ეს არის დოკუმენტების გაყალბება. ამის შემდეგ, მან „ევროპული საქართველოს“ წევრ ახმედ იმამკულიევთან ერთად დატოვა ტერიტორია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და საჭიროა, ფაქტის გადამოწმება მოხდეს. როდესაც ახმედ იმამკულიევი ჩნდება სადმე, იქ ხდება პროვოკაცია. არ გამორიცხავ, ეს შეგნებულად ხდებოდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა, გავრცელებულ ინფორმაციაზე ოპონენტებმა ფაქტის დამადასტურებელი მასალა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროვოკაციასთან.