მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვთ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ ვითარების დრამატიზებას. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე დილიდან სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები დაფიქსირდნენ, რომლებიც მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით იმყოფებოდნენ და საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ. მდინარაძემ ბრიფინგზე ასეთი მედიასაშუალების წარმომადგენლის საბუთების გადაღებული ფოტოსურათებიც წარადგინა.
„მაგალითად, ქალაქ თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომანქანიდან ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე, ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები. ყველას ვთხოვთ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ. ჩვენ მსგავსს არაფერს ვცდილობთ და მივცეთ ამომრჩეველს, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ვისი მხარდამჭერია, თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები