„მრავალეროვანი საქართველო“ რიგ უბნებზე ამომრჩეველთა მონაცემების აღრიცხვაში კანონდარღვევას ვერ ხედავს

0

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებლების მხრიდან რიგ უბნებზე ამომრჩეველთა მონაცემების აღრიცხვაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ფაქტს არჩევნებში ჩართული მხარეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, „მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს რეკომენდაციით მიმართავს, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ.
„საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აღნიშნულ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს, მით უმეტეს, როდესაც ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში შესული პერსონალური მონაცემების ფოტო ან ვიდეოგადაღება არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ გარემოებას არჩევნებში ჩართული მხარეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საარჩევნო სუბიექტებსა და მათ წარმომადგენლებს რეკომენდაციით მივმართოთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება პოლიტიკური პროცესი გაამწვავოს და შესაძლოა, საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ხარისხზე გავლენა იქონიოს“, – აცხადებენ „მრავალეროვან საქართველოში“.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავს თემებზე საუბარი და დისკუსიის გამართვა არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ არჩევნებამდე არსებულ პერიოდშიც შეიძლება.

კომენტარები

კომენტარი