ცესკო: მარნეულის 89-ე უბნიდან გადასატანი ყუთის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე ხობის 31-ე საარჩევნო უბანსა და მარნეულის 89-ე უბანთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ხობის 31-ე უბანზე დაფიქსირებული ხარვეზი სავარაუდოდ, სტამბის მიერ დაშვებულ შეცდომას წარმოადგენს, ხოლო მარნეულის 89-ე უბნიდან გადასატანი ყუთის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ხობის საარჩევნო ოლქში, 31-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა ერთი ცალი სხვა ოლქის – ზუგდიდის 31-ე ოლქის ბიულეტენი, რაც სავარაუდოდ, სტამბის მიერ დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი და აღნიშნული ბიულეტენი არ ყოფილა გამოყენებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარნეულის 89-ე უბნიდან გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთი. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა ეს ინფორმაცია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები