ICDI-ის ცნობით, არჩევნებზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა

დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის (ICDI) განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნისა და წილისყრის პროცესები ძირითადად, კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული დარღვევები.
ამის შესახებ სააგენტო „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა, მერი კაპანაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ანგარიში ICDI-ის 150-მდე დამკვირვებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.
“დარღვევები იყო შემდეგი სახის: უბნის დაგვიანებით გახსნის 3 ფაქტი; საარჩევნო დოკუმენტაციის არაჯეროვნად წარმოების 2 ფაქტი, კერძოდ, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება და რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემის პროცედურული წესის დარღვევა.
მოცემული მომენტისათვის, „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 3 საჩივარი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად რეაგირებს დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპისათვის, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ICDI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები