თბილისის ქუჩებზე 22 ოქტომბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს, 08:00-დან 11:30-მდე, ტრანსპორტის მოძრაობა 10-მდე ქუჩაზე შეიზღუდება.
კერძოდ, გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა), თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე, მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ბაქოს ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს. მუნიციპალური ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით, მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო – N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

„ ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები”, – აცხადებენ მერიაში.

ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ: 272 22 22.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები