აჭარაში არჩევნები პროცედურული დარღვევებით დაიწყო – ამ დროისთვის 2 საჩივარია დაწერილი
აჭარაში, ბათუმის მე-7 საარჩევნო უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, რის შედეგადაც 2 საჩივარი უკვე დაიწერა. საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიგზავნა. ბათუმის მე-7 საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. იმ დროს, როდესაც ადგილზე პირველი ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, გაირკვა, რომ საარჩევნო ყუთში კომისიის თავმჯდომარეს საკონტროლო ფურცლის ჩაგდება დაავიწყდა, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
გარდა ამისა, ასევე 45-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ამის შემდეგ გაირკვა, რომ მას მარკირების პროცედურა გავლილი არ ჰქონია. ამ საკითხთან დაკავშირებითაც საჩივარია დაწერილი.
რაც შეეხება ზოგადად არჩევნების მიმდინარეობას აჭარაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აჭარაში სულ გახსნილია 348 საარჩევნო უბანი.