სიმონ ნოზაძე: კონსტიტუციის ახალი რედაქცია ქვეყნის იმიჯზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახლანდელ რედაქციას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. როგორც ნოზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების განცხადებები, საქართველოს იმიჯზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.
„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ქვეყნის იმიჯზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს და ამის თქმის საშუალებას მაძლევს საერთაშორისო მხარდაჭერა. ვენეციის კომისიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, თუმცა რეფორმა ძირითადად მოწონებულია. ევროკავშირი ეთანხმება ვენეციის კომისიას და თვლის, რომ კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში სწორი გზით მიდის. ასევე საყურადღებოა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ ბათუმში გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეფორმები, მათ შორის კონსტიტუციურიც, სწორი გზით მიდის. ეს არის დასავლური ტიპის კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ამასთან, რამდენიმე ცვლილებაზე პირობა დადებული გვაქვს და ეს ცვლილებებიც განხორციელდება“, -აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.
ნოზაძის თქმით, ხელისუფლების დიდი სურვილი იყო, რომ კონსენსუსი მიღწეულიყო, თუმცა მცდელობის მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა.
„რომელიმე პარტიას შეუძლია შემოგვთავაზოს ისეთი პროექტი, რომლის მიმართაც სხვა პარტიებს შენიშვნები არ ექნებათ?! რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თანაც ისეთი პარტიები გვიკიჟინებენ ერთპარტიულობაზე, რომლებიც ვერც თავისი ისტორიით, ვერც კვალიფიკაციით და ვერც ორგანიზებულობით ახლოსაც ვერ მოვლენ „მრეწველებთან“, -აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები